საქართველოში ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით

ფასების ზრდა ყველა მიმართულებით დაფიქსირდა. ერთადერთი, რაზეც ფასები შემცირდა წინა თვესთან შედარებით – კომუნალური მომსახურებაა.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით) 7,2% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2021 წლის აპრილში, 2021 წლის მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,9%. მარტში კი ინფლაცია 4,2% იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, აპრილში ყოველთვიურმა ინფლაციამ შეადგინა 6,93% ტრანსპორტზე, პროდუქტებსა და ტანსაცმელზე ფასების ზრდის ხარჯზე.

საქართველოში ფასები კვლავ იზრდება: ახალი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით

აპრილში გაგრძელდა ფასების ზრდა საწვავზე და ამიტომ კერძო ტრანსპორტის მომსახურების ფასი, გასულ თვესთან შედარებით, 4,2%-ით გაიზარდა.

ამას გარდა, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა ასევე ფასების ზრდამ პროდუქტებზე, კერძოდ, ცხიმებზე, სადაც ფასები მარტთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა.

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

რაც შეეხება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ამ სექტორში ფასები, გასულ თვესთან შედარებით, გაიზარდა 4,9%-ით.

მთლიანობაში ფასების ზრდა ყველა მიმართულებით დაფიქსირდა. ერთადერთი, რაზეც ფასები შემცირდა წინა თვესთან შედარებით – კომუნალური მომსახურებაა (–0,07%).

რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში

ინფლაციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, რაც აისახება ფასების ზრდაზე ზოგიერთ ნავთობის და სასურსათო ჯგუფებზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?>>

  • „ჯერ კიდევ დაბალი გამოშვების ფონზე პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით აღმავალ ზეწოლას განაპირობებს... სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები გარკვეულწილად ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს“, – აღნიშნავს რეგულატორი.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წელს წლიური ინფლაცია 6,5%-ის დონეზე იქნება, შემდეგ კი მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად მიუახლოვდება.

რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა.