დღესასწაულებზე ალკოჰოლური სასმელითა და საკვებით მოწამვლის შემთხვევებმა იმატა

სადღესასწაულო დღეებში საქართველოს მასშტაბით ალკოჰოლური  და კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების სტატისტიკა გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის 1.200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის დილის 10:00 საათამდე პერიოდში საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა, აქედან ჰოსპიტალიზებულია 658 ადამიანი.

აღდგომის დღესასწაულებზე და უქმე დღეებში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, მოცემულ პერიოდში თბილისში დაფიქსირდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 281 შემთხვევა, რომელთაგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 226 პაციენტს,

შესაბამისად, დანარჩენ რეგიონებში დაფიქსირდა 504 შემთხვევა, საიდანაც 432 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მოიმატა კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებმაც. ამ მიზეზით ცენტრში 411 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 194 ჰოსპიტალიზაციით დასრულდა.

აქედან 121 შემთხვევა იყო თბილისში და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 27-ს, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაცია დაუდგინდა 290 პაციენტს, რომელთაგანაც 167 ადამიანის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება გახდა საჭირო.