თელავის რაიონში ახალ სამაცივრე მეურნეობას ააშენებენ

კომპანია 600 ათასზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებასა და ათობით ადამიანის დასაქმებას აპირებს
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აჩინებულში ხილ–ბოსტნეულის შესანახად სამაცივრე საწყობს ააშენებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს–სამსახური.

თბილისსა და რეგიონებში ოთხი მცირე საწარმოს შექმნის პროექტი საქართველოს მთავრობამ აპრილის ბოლოს დაამტკიცა. ის განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.

სახელმწიფოს მხარდაჭერით საქართველოში რამდენიმე ახალი საწარმო ამოქმედდება

პროგრამის ფარგლებში კომპანია „აჩინებული“ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობის შეძენას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად შეძლებს.

პროექტი მოიცავს 650 ტონის მოცულობით სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას და თანამედროვე მანქანა-მოწყობილობებით დაკომპლექტებას.

„აჩინებული“ პროექტის შესაქმნელად 600 ათას ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და ათეულობით ადამიანის დასაქმებას აპირებს.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.