პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს აკონტროლებს: შსს-ს განცხადება

პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2-დან  4 მაისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით. 

პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

ტრადიციულად, აღდგომის მეორე დღეს მართლმადიდებლები საფლავებზე გადიან, თუმცა, უკვე მეორე წელია კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საფლავებზე გასვლა იკრძალება.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები სასაფლაოზე მისვლას ვერ შეძლებენ, სასულიერო პირები საფლავებს აკურთხებენ.