კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს

ქართველმა ჩოგბურთელმა მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვება მიულოცა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

„ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით! ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებულია. ვულოცავ ნიკოლოზს და გილოცავთ ყველას“,- დაწერა კუჭავამ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ბასილაშვილისთვის მიუნხენში მოპოვებული გამარჯვება არის მეხუთე მისი კარიერის განმავლობაში და მეორე ATP ტურნირებში მიმდინარე სეზონში. მიუნხენის ტურნირის ფინალში ბასილაშვილი კორტების მასპინძელს, იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდა. ქართველმა სპორტსმენმა გერმანელს ორ სეტში მოუგო - 6:4, 7:6 (5).

BMW Open-ის გამარჯვებამ  ბასილაშვილს მოუტანა 250 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხიდან 22 ათასი ევრო. 

მიუნხენში გამარჯვებამდე ბასილაშვილმა АТР-ს ოთხი ტიტული მოიგო: ორჯერ ჰამბურგში  (2018, 2019), პეკინსა (2018) და დოჰაში (2021).