საქართველოში 3 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

მაისის უქმე დღეებში საქართველოში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა – აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საფლავებზე გასვლას შეეხება.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის – ავტობუსი, მეტრო, სამარშრუტო ტაქსი – მოძრაობა იზღუდება. 

სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა, მაგრამ საფლავებს სასულიერო პირები აკურთხებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომისა და მომდევნო უქმე დღეებში დაწესებული დამატებითი შეზღუდვები მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 12 მაისამდე იქნება ძალაში – აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე არ ვრცელდება.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა.

მთავრობაში ამას სააღდგომო არდადეგები უწოდეს. ამასთან, აღდგომაზე მოსახლეობა დაისვენებს 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ხოლო გამოცხადებული უქმეების შემდეგ, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური დასვენების დღეა. შესაბამისად, კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათასობით მოქალაქე მუშაობას 13 მაისს განაახლებს.

საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 312 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 293 ათასზე მეტი პაციენტი, გარდაიცვალა 4.151 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.