საქართველოს პირველი პირები მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანებია, დღეს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაული მიულოცა.

სულიერების აღორძინება და ეკლესიის დისკრედიტაცია - ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

„აღდგომა გვავსებს სიხარულითა და იმედით – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების რწმენით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მათ ბედნიერებას, მშვიდობას, სიკეთეს და ჯანმრთელობას. ქრისტე აღდგა!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

 მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს თბილისის მერი კახა კალაძეც და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

თბილისის მერმა განსაკუთრებულად მოულოცა აღდგომა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს და მათ გამოჯანმრთელება უსურვა.

„სიკეთის, სიხარულის, იმედის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ მეგობრებო! ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით დაე, მშვიდობა და კეთილდღეობა  დამკვიდრებულიყოს ჩვენს ოჯახებში, მთელ ქვეყანაში, მსოფლიოში! მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის. ღმერთმა ინებოს მათი მალე გამოჯანმრთელება!“– წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
საქართველო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ბრწყინვალე აღდგომის ღამისთვის ხელისუფლებამ „კომენდანტის საათის“ მოქმედება შეამოკლა. სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც - ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სხვ.

აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.