თბილისი, 2 მაისი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველას იმ ადამიანს პატიობს, ვისაც რაიმე საწყენი უთქვამს ან გაუკეთებია მისთვის, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
„ქრისტე აღდგა! ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვპატიობ, რაც კი საწყენი რაიმე უთქვამს ან გაუკეთებია ჩემთვის; და ამ დღესთან დაკავშირებით ყველას ვთხოვ პატიებას, რაც მიწყენინებია მისთვის. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. ღმერთმა შეგვინდოს თქვენც და ჩვენც ცოდვები ჩვენი. ჩვენთან არს ღმერთი“, - ნათქვამია ილია მეორის წერილში.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.