„გვირილობა“ კორონავირუსის მიუხედავად: ქუთაისში ქალაქის დღე გაიმართება

ქალაქის დღის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და წიგნების ფესტივალი, ასევე თოჯინების და ნიღბების თეატრების სპექტაკლები
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი - ქუთაისი 2-12 მაისს ქალაქის დღეს - „გვირილობას“ აღნიშნავს, ნათქვამია ქალაქის მერიის Facebook-გვერდზე.

აღნიშნულია, რომ ღონისძიებები შედგება ორ ლოკაციაზე - ქალაქის ცენტრალურ ბაღში და „ვერიკოს სკვერში“. ქალაქის დღის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა და წიგნების ფესტივალი, ასევე თოჯინების და ნიღბების თეატრების სპექტაკლები, რომლებიც ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ვინ იმუშავებს მაისის უქმე დღეებში

ქუთაისში ასევე ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება: ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც სტარტს 7 მაისს აიღებს, და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 8 მაისს დაიწყება. აღნიშნულია, რომ დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.

„წელს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ქალაქში ტრადიციული ხალხმრავალი ღონისძიებები არ შედგება, მაგრამ, ქუთაისის მერიის ინიციატივით, გაიმართება რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა, ფესტივალი და გამოფენა“, - აღნიშნეს მერიაში.

ქალაქის დღის აღნიშვნის ტრადიცია ქუთაისში მე-19 საუკუნიდან არსებობს და მას „გვირილობა" ეწოდება — ამ დღეს ქალაქის მცხოვრებნი ყიდდნენ ყვავილებს და ფულს ქველმოქმედებისთვის აგროვებდნენ.