თბილისი, 1 მაისი - Sputnik. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დაახლოებით 20:30 საათისთვის ჩამოიტანენ, იუწყება „პირველი არხი“.
იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი დღეს თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. ცეცხლის ჩამოსატანად ისრაელში სპეციალურად სამკაციანი დელეგაცია დღეს დილით გაემგზავრა.
„გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
საქართველოში წმინდა ცეცხლს სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტიდან ჩამოიტანს.
ტაძრები სააღდგომო ლიტურგიის დაწყებისთვის გუშინ ღამიდან მოყოლებული ემზადებიან. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე დისტანციის დაცვისთვის იატაკზე განთავსებული იქნება სტიკერები, ხოლო ეზოში დამონტაჟდება გახმოვანების სისტემა, რომლის მეშვეობითაც წირვა-ლოცვა გადაიცემა.
გამონაკლისის სახით საქართველოს მასშტაბით დღეს, აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე. გადაწყვეტილება სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ქვეყანაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.