რუსთაველის თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქართველი მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა, დღეს მას საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მსახიობ კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დღეს ყველასათვის საყვარელ მსახიობს პატივი მიაგეს და სამძიმარი გამოუცხადეს მის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კულტურის ცნობილმა მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ცნობილ მსახიობს გამოეთხოვა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

დიდი მსახიობის ხსოვნას: კახი კავსაძის საუკეთესო როლები კინოში – ფოტო

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.