ბევრი ჩვენგანი ამ დღეს ძირითადად კვერცხების გატეხვაში ვატარებთ, მაგრამ არც კარგ ფილმებზე ღირს უარის თქმა. სააღდგომო ვახშმის, წითელი კვერცხებისა და სურნელოვანი პასკის დაგემოვნების შემდეგ ჩაუსხედით და შეიქმენით სააღდგომო განწობა.
დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ შვიდ საუკეთესო სააღდგომო ფილმს იესო ქრისტესა და ქრისტიანობის შესახებ. ეს ფილმები უმეტესად ბიბლიის ვიზუალური ინტერპრეტაციაა, რომლებიც კიდევ ერთხელ ჩაგაფიქრებთ, გაგაღიმებთ, ცრემლებს მოგგვრით. ყველა ფილმი შესაძლებელია უშუალოდ ჯვარცმასა და აღდგომას არ ეხებოდეს, თუმცა მათი თემატიკა სწორედ რომ ამ იდეას შეეხება.
1. Silence - სიჩუმე
IMDB - 7.2
მე-17 საუკუნეში ორი პორტუგალიელი მისიონერი, მამა სებასტიან როდრიგესი და მამა ფრანცისკო გარუპე იაპონიაში გაემგზავრებიან, რომ დაკარგული მენტორი იპოვონ. მოგზაურობისას ისინი მალულად დაიწყებენ ქრისტიანობის გავრცელებას იაპონიის სოფლებში. ბერები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. მარტინ სკორსეზეს ფილმი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
2. The Last Temptation of Christ - ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
IMDB – 7.5
ფილმში ნაჩვენებია იესო ნაზარეველის ცხოვრების უკანასკნელი დღეები. ფილმმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრებას და გადაღებულია არა სახარების, არამედ ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანის მიხედვით. წიგნი ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი.
ფილმი მარტინ სკორსეზეს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარად ითვლება. რეჟისორი ცდილობს იპოვოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდებოდა, იესოს მიწიერი ცხოვრება რომ აერჩია, ექორწინა მარიამ მაგდალინელზე და დიდხანს ეცხოვრა ადამიანური ცხოვრებით.
3. Kingdom of Heaven - ზეციური სამეფო
IMDB – 7.2
ფილმში აღწერილია შუასაუკუნეები, ჯვაროსნული ლაშქრობების, ევროპასა და აღმოსავლეთს შორის 200 წლიანი ბრძოლების ეპოქა. მთავარმა გმირმა ოჯახიც დაკარგა და რწმენაც შეერყა. მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ ომებთან შორეულ წმინდა მიწაზე მანამდე, სანამ იგი უზარმაზარი დრამის მონაწილე არ გახდება.
4. The Passion of Christ – ქრისტეს ვნებანი
IMDB – 7.2
მელ გიბსონის ფილმში გაცოცხლებულია ქრისტეს ცხოვრების ბოლო 12 საათი, სადაც რეალისტურადაა ასახული მაცხოვრის წამების სცენები. ამ სცენებისთვის რეჟისორმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ებრაული საზოგადოებისგან.
მეტი დამაჯერებლობისთვის გიბსონმა მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს აიძულა ნამდვილი ჯვარი ეტარებინა და მათრახის დარტყმები ეგრძნო. ჯვარცმის სცენაც კომპიუტერული გრაფიკის გარეშე, მხოლოდ გრიმით გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ გიბსონის ფილმი მსოფლიოს კინემატოგრაფიის მოვლენად იქცა, მნიშვნელოვანი პრემიები მაინც ვერ დაიმსახურა.
5. The Ten Commandments - ათი მცნება
IMDB – 7.0
ფილმი მოგვითხრობს ბიბლიის ცნობილ პერსონაჟზე, მოსეზე, რომელსაც ღმერთმა მნიშვნელოვანი მისია დააკისრა. ფილმი მოსეს ისტორიას მოგვითხრობს და მის ბრძოლას საკუთარ ძმასთან, ეგვიპტის ფარაონთან. რწმენის ეს ისტორია ბრწყინვალე სპეცეფექტებმა კიდევ უფრო გაამდიდრა და გაალამაზა.
6. The Matrix - მატრიცა
IMDB – 8.7
დიახ, ნამდვილად არ მოგჩვენებიათ. სააღდგომო ფილმების სიაში ადგილი მატრიცასაც ერგო, რადგან ფილმის ავტორები მიიჩნევენ, რომ მთავარი გმირი ნეო იესო ქრისტეს განასახიერებს.
თომას ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი - ჰაკერი, სახელად ნეო. ნეო ფიქრობს, რომ მის კითხვაზე „რა არის მატრიცა” პასუხი აქვს მორფეუსს, სამყაროში ყველაზე საშიშ ადამიანს. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ნეოს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი საფასურის გადახდა უწევს.
7. Risen - ამაღლება
IMDB – 6.3
ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონია. მას გააგზავნიან, რათა გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს, იპოვნოს მესიის სხეული. ფილმის სიუჟეტი არა თავად იესოს პერსონაზე, არამედ მისი რწმენის აღმოჩენის ისტორიაზეა.