ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამა–შვილი დაჭრეს

სავარაუდოდ, მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზუგდიდის რაიონში ორი ადამიანი დაიჭრა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

შემთხვევა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

19 წლის პაპუნა ძანძავას ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ხოლო მამას, ბადრი ძანძავას – ფეხში. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს თავად იარაღი არ ჰქონდათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამა–შვილი დაჭრეს

დაჭრილი ახალგაზრდის დედა ხათუნა ოკუჯავა უარყოფს, რომ მისი ქმარ–შვილი კონტრაბანდისტები არიან. ის აცხადებს, რომ პოლიციელები მათ სროლის შემდეგ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების უფროსის მაია ესებუას ინფორმაციით, დაჭრილ პაპუნა ძანძავას გულ-მკერდის მეოთხე განივი და წვეტიანი მორჩების ფრაგმენტული მოტეხილობა და ექსკორაციები აღენიშნება. მას გაუწიეს სათანადო დახმარება და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, ხოლო მამას, ბადრი ძანძავას ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს ტერფის მიდამოში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ნიკა ლატარია