გამოსასყიდი 500 ათასი დოლარი: პოლიციამ ლედი გაგას ძაღლების გამტაცებლები დააკავა

ლედი გაგას ძაღლები თებერვლის ბოლოს გაიტაცეს, რა დროსაც მძიმედ დაჭრეს მომღერლის თანაშემწე. ვრცელდება კადრები დანაშაულის ადგილიდან.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, რომლებიც ლედი გაგას ძაღლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, იუწყება ტელეარხი ABC.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ფრანგული ბულდოგის გატაცებაში ბრალდებული ხუთი პირიდან სამს ლედი გაგას თანაშემწე რაიან ფიშერზე მკვლელობის მიზნით თავდასხმა ედება ბრალად.

„ეს იყო თავხედური ქუჩური დანაშაული, რა დროსაც ადამიანი სერიოზულად დაიჭრა“, — განაცხადა ოლქის პროკურორმა ჯორჯ გასკონმა.

ტელეარხის ინფორმაციით, ოთხი ეჭვმიტანილი დანაშაულებრივი ბანდის წევრია.

ლედი გაგას თანაშემწეს 24 თებერვალს დაესხნენ თავს, როდესაც ის დასავლეთ ჰოლივუდში მომღერლის სამ ძაღლს ასეირნებდა. თავდამსხმელებმა ოთხჯერ ესროლეს რაიან ფიშერს, შემდეგ კი ორი ძაღლი — კოჯი და გუსტავი გაიტაცეს და თეთრი ავტომობილით მიეფარნენ თვალს. მესამე ძაღლი გაიქცა, თუმცა მოგვიანებით იპოვეს. მკერდში მძიმედ დაჭრილი ფიშერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის გონებაზე მხოლოდ მარტში მოვიდა.

ცნობილია, რომ გამტაცებლები ძაღლების გამოსასყიდად ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდნენ.