ილია მეორე კახი კავსაძეზე:  წავიდა ჩვენგან სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი

85 წლის კახი კავსაძე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობს შაბათს, 1 მაისს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

კახი კავსაძეს უკანასკნელ გზაზე საყვარელი თეატრიდან გააცილებენ

როგორც პატრიარქის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, კახი კავსაძე თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, კავსაძეთა ცნობილი გვარის დიდი წარმომადგენელი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი პიროვნება იყო.

„რამდენიმე წლის წინ იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა, რადგან ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა და მისი მადლით განკურნებული, უფლის რწმენის მქადაგებლად იქცა... ღმერთმა დალოცოს და ნათელში ამყოფოს ბატონი კახის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა და სულიერი შეწევნა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

გამოჩენილ ქართველ მსახიობს შაბათს, 1 მაისს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.