ყვითელი ამბები

ლიზა ბაგრატიონის მეუღლე 35 წლის გახდა – ასე მიულოცა მომღერალმა დაბადების დღე

მომღერალ ლიზა ბაგრატიონს რამდენიმე თვის წინ 46 წელი შეუსრულდა, მის მეორე ნახევარს კი 35. ნახეთ როგორ მიულოცა ლიზამ დაბადების დღე გიორგი ცაგარელს.
Sputnik

ლიზა ბაგრატიონი, რომელიც თანამედროვე ქართული ესტრადის გამორჩეული არტისტია, რომანტიკული და მშვიდი რეპერტუარითაა ცნობილი. მისი პირადი ცხოვრება კი დამსხვრეული ურთიერთობებითა და ხმაურიანი განქორწინებებით ხვდებოდა ყურადღების ცენტრში. ყველასათვის საყვარელი მომღერლის მესამე რჩეული იუბილარია.

ალტისტი გიორგი ცაგარელი 35 წლის გახდა. მას საზოგადოებამ სწორედ ლიზასთან ურთიერთობის შემდეგ მიაქცია ყურადღება. მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გიორგის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა – „აი უკვე დაიბადე“.

ლიზასგან განსხვავებით, უფრო ორიგინალური გიორგი აღმოჩნდა, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ლიზას დაბადების დღეზე სიუპრიზი მოუწყო და მეგობრები დაახვედრა სახლში ბუშტებით და ოვაციებით. მაშინ ლიზას საკმაოდ უცნაური რეაქცია ჰქონდა: ძალიან დაიბნა, წამოიტირა კიდეც და, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ წინასწარ არ გააფრთხილა, მეუღლეს ყვავილების თაიგულიც კი ჩაარტყა თავში, რამაც ეს უკანასკნელი ძალიან გააოცა.

ვირტუოზთან დაახლოების შემდეგ ლიზას პირადი ცხოვრება ისევ განხილვის საგნად იქცა. მიზეზი კი ის არის, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია. პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობენ, თუმცა ფოტოები მოწმობს, რომ მათ საერთო ინტერესები და ჰარმონიული ურთიერთობა აკავშირებთ.

პირველად ლიზა ბაგრატიონი ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი პირველი რჩეული ტელესივრცეში მომუშავე გიორგი ლეონიძე იყო. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ. შემდეგ ლიზამ დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი სიყვარული ზაზა სინაურიძესთან დაოჯახების შემდეგ იგრძნო. მათ ამჟამად 25 წლის შვილი ჰყავთ. ეს ლიზას ერთადერთი ვაჟია. ბიჭს ირაკლი დაარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავს ბევრისთვის მიუღებელი პირადი ცხოვრება აქვს და მასზე ჭორ-მართალი ხშირად ვრცელდება, ამან იკაკოს და ლიზას ურთიერთობა არ დაძაბა. პირიქით, როგორც ჩანს, დედა-შვილი დიდი მეგობრები არიან. სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ იკაკო სინაურიძე დედასთან ერთად კომპანია „ბადაგონში“ მუშაობს. მანამდე ბიჭმა, რომელიც ახლა 25 წლისაა, ინგლისში კემბრიჯის უძველეს უნივერსიტეტში ჩააბარა.