როდის მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია და პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი 90-95%-ს მიაღწევს, მოიხსნება ყველანაირი შეზღუდვა, აღნიშნა ცერცვაძემ.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი შესაძლებელი გახდება, როდესაც ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტზე ავა, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში ჯერ მხოლოდ მოსახლეობის ორი პროცენტია აცრილი, რაც შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი საქართველოშია

„ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდანტის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება, შემცირდება კომენდანტის საათის ინტერვალი. თუ იქნება მასობრივი ვაქცინაცია, თუ პირბადეების ხმარება იქნება 90-95 პროცენტი და მთავრობა მაინც არ მოხსნის შეზღუდვებს, მერე შეგიძლიათ წაუყენოთ პრეტენზიები მთავრობას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე ისრაელის მაგალითზე ისაუბრა, სადაც ვაქცინაცია ბევრად მაღალი ტემპით მიმდინარეობს და, შესაბამისად, ისრაელის მთავრობამ შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნა.

„ისრაელს სამი თვის წინ ჰქონდა ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობა. ჩვენ გვყავდა 270 ათასი ინფიცირებული სულ, იმათ 900 ათასი ჰყავდათ ინფიცირებული. სიკვდილობა ჩვენზე მაღალი ჰქონდათ და სამ თვეში მაჩვენებლები გაანულეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ტიკარაძე: ვაქცინაციის ეტაპი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იწყება>>

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს თანდათან ასევე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. 4 მაისიდან დაიწყება 18 წელს ზემოთ ადამიანების აცრა.

ამ დროისათვის საქართველოში აცრილია 43.338 ადამიანი.