შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩს „დიქტატორი“ უწოდა

პოლიტიკოსის გაღიზიანება გამოიწვია შეთანხმების დოკუმენტზე მხარეების ხელმოწერასთან დაკავშირებით ამერიკელი დიპლომატის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს „დიქტატორი“ უწოდა და იგი როსტომ–ხანს შეადარა. 

მეამბოხეები სააკაშვილის პარტიიდან – რის მიღწევას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა"?

„არც როსტომ–ხანი, არც ვორონცოვ–დაშკოვი საქართველოსთვის არ იყვნენ ისეთი დიქტატორები, როგორც ეს ტრამპის საჩუქარია... საინტერესოა, სად იპოვა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ერთგული კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არჩევნების გაყალბების მთელი სქემა, განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული. ამიტომაც ყველაფერი გააკეთა და აიძულა ოპოზიციის ნაწილი სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, – დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე ნათელაშვილმა, რომელიც კორონავირუსის გამო ამჟამად იზოლაციაში იმყოფება.

ნათელაშვილის მხრიდან ასეთი აგრესია გამოიწვია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ამნისტიასთან დაკავშირებით დეგნანის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.

კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას ამნისტიის საკითხი აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის.

ოპოზიციური პარტიებიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შედგენილ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი მხოლოდ შალვა ნათელაშვილის პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ არ მოაწერეს.