ვინც პანდემიის დროს გამდიდრდა: პრეზიდენტი გადასახადების გაზრდას გეგმავს

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების საშუალო და მუშათა კლასის 20% უმუშევარი დარჩა, 650-მდე ამერიკელი მილიარდერის კაპიტალი ერთ ტრილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია აპირებს გადასახადები გაუზარდოს აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წელიწადში 400 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ და საკუთარი ქონება პანდემიის პერიოდში გაზარდეს.

აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე არ გავზრდი გადასახადებს იმ ხალხისთვის, ვინც წელიწადში 400 ათას დოლარზე ნაკლებს იღებს. კორპორაციული ამერიკისა და უმდიდრესი ამერიკელების 1%-სთვის სამართლიანი წილის გადახდის დრო დადგა. უბრალოდ გადაიხადეთ სამართლიანი წილი“, — განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტის თქმით, უმდიდრეს ამერიკელებს შემოსავლების 39,6%-ის გადახდა მოუწევთ.

ესკალაცია არ გვინდა, მაგრამ შედეგები იქნება: ბაიდენმა რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა

როგორც ამერიკის ლიდერმა განმარტა, ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ის 55 უმსხვილეს კორპორაციას 2020 წელს ფედერალური საშემოსავლო გადასახადი არ გადაუხდია.

„ისინი საგადასახადო ხვრელებითა და დაქვითვებით სარგებლობენ, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, გაიტანონ სამუშაო ადგილები და მოგება უცხოეთში. ეს არასწორია“, — დაამატა ბაიდენმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიამ აშშ-ის მოქალაქეების შემოსავლებში განსხვავება გააღრმავა. იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების საშუალო და მუშათა კლასის 20% უმუშევარი დარჩა, 650-მდე ამერიკელი მილიარდერის წმიდა კაპიტალი ერთ ტრილიონ დოლარზე მეტით გაიზარდა.

როგორც მანამდე სააგენტო Bloomberg-ი წერდა, ჯო ბაიდენი ფედერალური გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, რაც პირველი შემთხვევაა 1993 წლის შემდეგ. გადასახადების გაზრდიდან მიღებული შემოსავალი გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.