სასულიერო პირები 3 მაისს საფლავებს აკურთხებენ

საქართველოში აღდგომის დღეებში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს – მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება
Sputnik

 

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირებს აღდგომის მეორე დღეს, 3 მაისს საფლავების კურთხევა დაავალა.

ტრადიციულად, აღდგომის მეორე დღეს მართლმადიდებლები საფლავებზე გადიან, თუმცა, უკვე მეორე წელია კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საფლავებზე გასვლა იკრძალება. 

აღდგომის დღესასწაულებზე და უქმე დღეებში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა

 „სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, ორშაბათს, 3 მაისს უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღდგომის ღამეს გარკვეული კორექტივები შევიდა გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაშიც. კერძოდ, „კომენდანტის საათი“ 1 მაისს საღამოს 9 საათის ნაცვლად 23:00–დან დაიწყება და 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მსურველი, სავარაუდოდ, ბევრი იქნება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საპატრიარქო მრევლს დისტანციის დაცვას და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, რისკ–ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა.

საქართველო სააღდგომო დღესასწაულებზე კოვიდ–შეზღუდვებს აწესებს.

ეკლესიებში საზეიმო ლიტურგიის დროს კოვიდ–რეგულაციების დაცვა მაქსიმალურად უნდა მოხდეს; ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები აღდგომის ღამეს შემსუბუქდება – „კომენდანტის საათი“ 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს (სწორედ ამ დროს ეკლესიებში საზეიმო ღვთისმსახურება იმართება); საფლავებზე გასვლა აკრძალული იქნება; 3–12 მაისს არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.