როდის აღდგება მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე - თბილისის მერის განმარტება

მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრულ ზონაში გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, რაც აღნიშნულ პროცესში ჩართულმა მოწვეულმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, აღნიშნა კახა კალაძემ
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მეწყრულ ზონაში ეფექტიან სამუშაოებს ახორციელებს>>

დედაქალაქის მერმა ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე მოიხსნა მიწის მასის ნაწილი, რომელიც მაგისტრალური წყალსადენის მილებს უქმნიდა საფრთხეს.

„მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ფერდზე დამონტაჟებულია მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას. მისი თქმით, ამ ეტაპზე ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა საბოლოოდ შეჩერდეს მეწყრული პროცესი.

„გულზე მომეშვა“: გერმანელი გეოლოგი მეწყრულ ზონაზე თბილისში

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

კვლევის შედეგებით, ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე 18 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, ჭარბი ნალექისა და მიწისძვრის შემთხვევაში ფერდობიდან შეიძლება 800 ათასი კუბომეტრი მიწის მასა დაიძრას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფერდი ძალიან დახრილი არაა, დიდი მასის გამო ის საკმაოდ მაღალი სიჩქარის იქნება იმისთვის, რომ ჯერ გზისკენ, შემდეგ კი მდინარისკენ დაეშვას. ამჟამად მეწყრის რისკები ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.