საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება

საქართველოს გენერაცია 2030 წლისთვის უნდა მოიცავდეს ქარის ენერგიის დაახლოებით 20 პროცენტს და მზის ენერგიის დაახლოებით 5 პროცენტს.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ქარის ოთხი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის რეალიზებას გეგმავს.

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიის ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.

ახალი ჰესების გარეშე ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება პრობლემებს შექმნის

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში ქარის ოთხი ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. ესენია ზესტაფონის, ნიგოზის, რუისისა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურები.

„მათი დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატს აღემატება. ყველა ეს პროექტი შესწავლის სტადიაზეა, მთავრდება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რის შემდეგაც წლის ბოლოსთვის გადავალთ სამშენებლო ფაზაზე და შემდეგი წლისთვის, იმედი გვაქვს, ოპერირებას დავიწყებთ”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ფონდის მიზანია, რომ საქართველოს გენერაცია 2030 წლისთვის მოიცავდეს ქარის ენერგიის დაახლოებით 20 პროცენტს და მზის ენერგიის დაახლოებით 5 პროცენტს.

ჩიქოვანმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ფონდმა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის განახორციელა. დაფუძნებიდან (2010 წ.) დღემდე კომპანიის ძალისხმევით ქვეყნის ენერგოსისტემას 140 მეგავატი შეემატა.

საქართველოს ენერგეტიკაში უახლოეს წლებში 1,3 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

მიმდინარე და დაგეგმილი მზის სადგურების, ქარის ელექტროსდგურების, ჰესების, ბიომასის, ბიოგაზის, აგრეთვე „მწვანე“ წყალბადის საპილოტო პროექტების განხორციელების შედეგად ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ქვეყანას შეემატება დამატებით 500 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე, განაცხადა ჩიქოვანმა. ესაა უახლოესი სამი წლის გეგმა. საუბარია 800 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციებზე.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში მოიხმარეს 12,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავდა – 11,2 მლრდ კვტ/სთ. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდის ჰიდროსადგურებზე – 8,3 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებზე – 2,8 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქართლის ქარის სადგურზე – 90,8 მლნ კვტ/სთ.

ამასთან დაკავშირებით საქართველო იძულებული გახდა ელექტროენერგია მეზობლებისგან ეყიდა. იმპორტმა 1,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა – 154 მლნ კვტ/სთ.