მაშველები ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილ მამაკაცს დაეხმარნენ

მაშველებმა მოქალაქე  უსაფრთხო ადგილზე  სოფელ მლეთაში ჩაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა ლომისის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ჩარჩენილი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ დუშეთში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდა მოქალაქე, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. მამაკაცი ტაძრის მიმართულებით მოძრაობდა, თუმცა უამინდობის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუწია.

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გავიდნენ. ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად მოქალაქესთან სატელეფონო კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, მაშველებმა შეძლეს შეუძლოდ მყოფი მოქალაქის დროულად პოვნა.

ამ დროისთვის მამაკაცი სოფელ მლეთაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.