კომპანია ЕNKA მზადაა გადაიხადოს ჯარიმა

კომპანია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პრეტენზიებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პრობლემური საკითხი უკვე ამოწურულია
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის კონტრაქტორი კომპანია ENKA მზადაა გადაიხადოს ჯარიმა, მაგრამ სახელმწიფოს პრეტენზიებს არ ეთანხმება, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია ENKA დაჯარიმდა – სასამართლო სხდომა აქციის ფონზე გაიმართა

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგების მიხედვით 2020 წლის 28 თებერვლის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევის გამო კომპანიას 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

„მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარსს, კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან კომპანია აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის სარჩელი ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების ვადებს ეხებოდა და ამ მომენტისთვის საკითხი უკვე ამოწურულია.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველების“ მიტინგი ნამახვანჰესის წინააღმდეგ წყალტუბოში

ჰესის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზული პროტესტი. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. ამასთან მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.