იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უქმე დღეებშიც იმუშავებენ

წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ დროს
Sputnik

 

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმეებზე, 4-11 მაისის პერიოდშიც მოემსახურება, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებისთვის იუსტიციის სახლებში ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება.

უწყების ცნობით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ აღდგომის დღესასწაულის უქმე დღეებში – 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და ასევე შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. აღნიშნულ დღეებში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელოფონო მომსახურების ცენტრიც. 

ვინ იმუშავებს მაისის უქმე დღეებში

იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. დაინტერესებული პირი ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს სერვისს ხუთ ენაზე (ქართული, აფხაზური, ინგლისური, სომხური და აზერბაიჯანული) სთავაზობს.

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ 4-11 მაისი არასამუშაო დღეებად  გამოაცხადა.

მთავრობაში ამას სააღდგომო არდადეგები უწოდეს. აღდგომაზე მოსახლეობა დაისვენებს 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ხოლო გამოცხადებული უქმეების შემდეგ, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური დასვენების დღეა.

შესაბამისად, კერძო თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ათასობით მოქალაქე მუშაობას 13 მაისს განაახლებს.