ბათუმსა და დუბაის შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს 12 მაისიდან 29 აგვისტომდე კვირაში სამჯერ შეასრულებს
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai ბათუმში ავიარეისებს განაახლებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ავიარეისები 12 მაისიდან 29 აგვისტომდე საჰაერო ხომალდით Boeing 737-800 შესრულდება. ფრენები დუბაი-ბათუმი-დუბაის მარშრუტით კვირაში სამჯერ - ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განხორციელდება. 

გარდა ამისა, ავიაკომპანია დამატებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს დუბაი-თბილისი-დუბაის მარშრუტით 13, 14, 16 და 17 მაისს.

საქართველოს საჰაერო სივრცე ვაქცინის გადამზიდავებისთვის 20 ივლისამდე ღია იქნება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის უკვე გასცა შესაბამისი ნებართვა.

ამჟამად საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 70 რეისს ასრულებს, ზაფხულისთვის კი მათი რაოდენობა 200-მდე გაიზრდება. შედარებისთვის, 2020 წლის აგვისტოში კვირაში 10-12 რეისი სრულდებოდა.

ქვეყანაში რეგულარული საავიაციო მიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განახლდა.

სააგენტო მგზავრებს სთხოვს, გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფოები პერიოდულად ცვლიან სასაზღვრო შეზღუდვებსა და სანიტარულ მოთხოვნებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით ფრენების დაწყებისა თუ განახლების თაობაზე.

მოქალაქეებს ურჩევენ, სიფრთხილე გამოიჩინონ მგზავრობის დაგეგმვისას, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ წესებს, ავიაკომპანიების გზავნილებს, ოფიციალური წყაროების განცხადებებსა და ფრენების განრიგს.