თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 1 ლარად კიდევ 55 ოჯახს დაუკანონა

დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება და  მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, საკუთარი რაიონის გამგეობებს უნდა მიმართონ.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. თბილისის შვიდ რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად კიდევ 55 ოჯახს გადაეცემა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისში მცხოვრებ 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა

ამჯერად საცხოვრებელი ფართები 41 ოჯახს სამგორის რაიონში დაუკანონდება, მთაწმინდის რაიონში – ექვს ოჯახს, ისნის რაიონში – სამ ოჯახს, ვაკის რაიონში – ორ ოჯახს, გლდანის რაიონში – ერთ ოჯახს, კრწანისის რაიონში – ერთ ოჯახს, ხოლო ჩუღურეთის რაიონში – ერთ ოჯახს.

დედაქალაქის მერმა იმ ოჯახებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აწუხებთ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

„ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან სრულ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო, რათა ფართების საკუთრებაში გადაცემა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით. მომავალშიც კიდევ ბევრ ოჯახს დავეხმარებით და მოვუგვარებთ ამ პრობლემას“, – განაცხადა კალაძემ.

საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა, ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.