კომპანია ENKA დაჯარიმდა – სასამართლო სხდომა აქციის ფონზე გაიმართა

წყალტობოს სასამართლომ  სრულად დააკმაყოფილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელი.
Sputnik

 

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ჯარიმა ხუთი ათასი ლარი – ასეთი ვერდიქტი გამოიტანა წყალტუბოს სასამართლომ კომპანია ENKA–თან დაკავშირებით, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის კონტრაქტორია.

საქმეში მოსარჩელე მხარე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იყო, რომელიც კომპანიას  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევას ედავება. 

ბრძოლა რიონისათვის: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გუმათში გრძელდება

კომპანიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესს, რომელიც „რიონის ხეობის მცველთა“ აქციის ფონზე ჩატარდა, არ დასწრებიან. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.

სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ რიონის ხეობაში ყველა სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას და თურქულ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტას. მათი მტკიცებით, ENKA სამუშაოებს დარღვევებით ასრულებს, რაც გარემოს ზიანს აყენებს.

„რიონის ხეობის მცველები“ მასშტაბური აქციის გამართვას თბილისში, 23 მაისს გეგმავენ.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. ამასთან მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.