COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების სურვილი 61 ათასზე მეტმა  ადამიანმა გამოთქვა

ვაქცინაციისთვის შეთავაზებული შვიდი პრეპარატიდან მოქალაქეს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის შერჩევა შეუძლია.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაციის სპეციალურ პორტალზე მოქალაქეების უმეტესობა Pfizer-ის პრეპარატს ირჩევს.

ამ დროისათვის პორტალზე დარეგისტრირებულია 61.546 ადამიანი.

რეგისტრირებულთა უმეტესობა ირჩევს Pfizer-ის (58.645) პრეპარატს, შემდეგ მოდიან Moderna (27.775), AstraZeneca (11.962), Johnson&Johnson (7.919), Novavax (5.400), Sinopharm (3.564) და Sinovac Biotech Co (737).

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა წინასწარი რეგისტრაციის პორტალი, რომლის მიზანია, ჯანდაცვის უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. 

Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანმო კვირის ბოლომდე გადაწყვეტს

პორტალზე შესაძლებელია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა და სასურველი ვაქცინის შერჩევა. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.

შემოთავაზებული ვაქცინების სიიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეიძლება. წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. 

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

28 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 40.095  ადამიანი.