სეს-ი: თავი შეიკავეთ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

სააგენტოს განმარტებით, პირუტყვი უნდა დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. აღდგომის სადღესასწაულო დღეებში ხორცპროდუქტების გაზრდილი მოხმარების გამო სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რას ვჭამთ: ქართულ ბაზრებზე კვერცხის ხარისხს ამოწმებენ

სააგენტოს ინფორმაციით, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის, რელიზაციის პირობები, ამიტომ უწყება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის ეტიკეტს.

„გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი), ხორცის დამზადების თარიღი და საათი, ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი. თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ამასთან, სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.

„ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საეჭვო შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01.