თბილისის მერობას კიდევ ერთი პოლიტიკოსი უმიზნებს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წინააღმდეგი არ არის შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი ძალები კიდევ ერთხელ მოსინჯოს.
Sputnik

 

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პოლიტოლოგი, ჟურნალიტი , სამოქალაქო აქტივისტი, ამაჟამად კი საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა აცნობა. 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ელისაშვილი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას და მეორე ადგილი დაიკავა, გაუსწრო რა  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატსაც კი. არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს და თავისი პარტია შექმნა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ელისაშვილის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა ორი მანდატით შეძლო. 

თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ

,,ალეკოს თუ სადმე აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და განსაკუთრებული კომპეტენცია გააჩნია, ეს არის თბილისი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავთ, რომ ალეკო იყოს მერობის კანდიდატი. თუმცა, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ეს ვერსია განიხილება“, - განაცხადა იოსელიანმა PalitraNews-ის ეთერში.

ადგილობრივი თვითთმართველობის მორიგი არჩევნები ამ შემოდგომაზე გაიმართება. აპირებს თუ არა მოქმედი მერი კახა კალაძე მეორე ვადით კენჭისყრას, ჯერ ცნობილი არ არის, მანამდე ქართული მედია წერდა, რომ ამჟამინდელი ქალაქის თავი  მმართველი პარტიის დატოვებას და პოლიტიკიდან წასვლას  გეგმავს.
შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.

კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

ვინ არის ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პროფესიით პოლიტოლოგია. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში ჟურნალისტად მუშაობდა.

2014 წელს ელისაშვილი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. 2014 წელს ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ჟურნალისტიკაში დაბრუნდა და ტელეარხ „იბერიაზე" თბილისის შესახებ გადაცემა მიჰყავდა.

ჟურნალისტიკის გარდა ელისაშვილი საზოგადოებრივი საქმიანობითაც იყო დაკავებული. 2006 წელს მან დააარსა ორგანიზაცია „თბილისზე მზრუნველი", რომელსაც მუნიციპალური ხელისუფლების მოქმედებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია.