თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. ჯერჯერობით კანდიდატები ოფიციალურად არ დასახელებულა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი  – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერობის კანდიდატად მის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით.

„ინფორმაცია, თითქოს ჩვენი გუნდის სახელით თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, არის მიზანმიმართული ჭორი“, – განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყებამდე. 

ვისი ხილვა სურს „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად?

მისი თქმით, კახა კალაძე თბილისის გამორჩეული მერია და „ქართული ოცნების“ სურვილია აღნიშნულ თანამდებობაზე კალაძე მეორე ვადით იხილოს.

„მე ბევრჯერ მითქვამს, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს მომავალში მერად კვლავ კახი კალაძე იხილოს. თუმცა, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება“, –  განაცხადა თალაკვაძემ.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია მასში მონაწილეობას მიიღებს თუ არა თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე. მასმედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კალაძე მმართველი პარტიის დატოვებას და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.

არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. როგორც მან განაცხადა, მმართველმა პარტამ „როტაცია“ განახორციელა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ნეიტრალური“ პოზიციების მქონე ადამიანი დაიკავებს. თალაკვაძე პარლამენტის სპიკერის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან იკავებდა. თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტის ექს-სპიკერის არჩილ თალაკვაძის შესაძლო წარდგენის შესახებ ხმები მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გავრცელდა.

შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.

კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.