„საქართველოს რკინიგზამ“ სააღდგომოდ დამატებითი რეისები დანიშნა

მგზავრებს დამატებით რეისებზე ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. წინასააღდგომო დღეებში ბათუმისა და სენაკის მიმართულებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დამატებითი რეისები დაინიშნება, ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები 29 აპრილს, 30 აპრილსა და 1 მაისს შესრულდება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც ონლაინ (Railway.ge, Tkt.ge, Biletebi.ge, Matarebeli.ge), ისე რკინიგზის სალაროებში.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს – მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 27 თებერვლიდან აღადგინა, როდესაც მოიხსნა 2020 წლის ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საქალაქთაშორისო სამგზავრო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები.