საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

საქართველო კორონავირუსის ეპიდემიას გაუმკლავდება, თუ მოსახლეობის სულ მცირე 60% აიცრება, ამისთვის კი საჭიროა 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა, აცხადებენ ეპიდემიოლოგები
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია  დღეს, 20:00 საათიდან  დაიწყო, ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება უკვე შესაძლებელია შემდეგ პორტალზე – booking.moh.gov.ge. ამასთან, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15 22.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინური ვაქცინა Sinopharm მსოფლიოს 35 ქვეყანაშია აღიარებული და აღნიშნული პრეპარატის 200 მლნ დოზაზე მეტი უკვე გამოყენებულია.

ეკატერინე ტიკარაძე:  ვაქცინაციის ცენტრების რაოდენობა 78-ით გაიზარდა

საქართველომ უკვე მიიღო ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა. მართალია, მას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლია, მაგრამ ამ ვაქცინით მსოფლიოში უკვე 150 მლნ ადამიანია აცრილი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ მიიღო საქართველოში მისი გამოყენების გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ქვეყანა მიიღებს მეორე ჩინურ ვაქცინას Sinovac (100 ათასი დოზა) და ივნის–ივლისში – Sinopharm-ის დამატებით დოზას (0,5 მლნ დოზა).

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ღარიბაშვილი: Pfizer-ის მილიონი დოზის მისაღებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სპეციალისტების თქმით, საქართველოს 3,5–3,9 მლნ დოზა ვაქცინა სჭირდება იმისთვის, რომ პრეპარატის ორი დოზა 1,7 მილიონმა ადამიანმა მიიღოს.

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ამ დროისთვის აცრილია სულ 40.095 ადამიანი.