თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ქართულ ბაზარზე კვერცხის ხარისხს ამოწმებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
„კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მიმდინარე წელს სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს 1.214 ობიექტი, სადაც დარღვევის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
სააგენტოში აღნიშნულ ფაქტს „ბიზნეს–სექტორის ინფორმირებულობის გაზრდისა და სააგენტოს გააქტიურებული კონტროლის შედეგს“ უკავშირებენ.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 01.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს. მორწმუნეები ვნების კვირაში, წითელ პარასკევს კვერცხებს ღებავენ. კვერცხის შესაღებად არაერთი ბუნებრივი საღებავი გამოიყენება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მცენარე ენდრო, რომელიც თეთრ კვერცხს მურა-წითელ შეფერილობას ანიჭებს.