რუსეთთან შეუპოვარი მოლაპარაკებები გაგრძელდება: იაპონია კურილების დათმობას არ აპირებს

იაპონია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას თავისი საბაზო პოზიციის საფუძველზე გეგმავს და კურილის კუნძულების დათმობას არ აპირებს.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ტოკიო განაგრძობს მოსკოვთან „შეუპოვარ“ მოლაპარაკებებს სამხრეთ კურილების პრობლემაზე და განზრახული აქვს, სამშვიდობო ხელშეკრულება თავისი საბაზო პოზიციის საფუძველზე გააფორმოს, ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“.

„მთავრობა შეუპოვრად განაგრძობს მოლაპარაკებებს რუსეთთან ჩრდილოეთის ტერიტორიების კუთვნილების პრობლემის გადასაჭრელად და სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ქვეყნის საგარეო უწყებამ ჩრდილოეთ ტერიტორიების (ასე უწოდებენ იაპონიაში კუნაშირის, შიკოტანის, იტურუპისა და ჰაბომაის კუნძულებს - რედ.) საკითხს ყველაზე რთული უწოდა რუსეთთან ურთიერთობებში.

იაპონიის პრემიერი კურილის კუნძულების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკების პირობას დებს

ამასთან ტოკიო ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეყნის საგარეო უწყება პირობას დებს, რომ ეს ურთიერთობები „პოტენციური შესაძლებლობების გათვალისწინებით“ აიგება.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.

1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.