„გირჩს" პარლამენტში საკუთარი ტელევიზიის შექმნა სურს

ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ტელევიზია კარგი შესაძლებლობა იქნება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების მიღებამდე მათი საჯარო განხილვისთვის.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ პარლამეტში საკუთარი ტელევიზიის „პარლამენტ-TV“-ს შექმნას გეგმავს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია Palitra TV-ს გადაცემა „360 გრადუსში“.

ხვიჩიას განმარტებით, „გირჩთან" დამეგობრებული დეპუტატები სტუდიაში იმსჯელებენ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის – მათ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტებზე. 

„გირჩი“ საარჩევნო სიებში კვოტების წინააღმდეგ გამოვიდა

„წარმოიდგინეთ, რომ ჩვენთან დამეგობრებული დეპუტატები პარლამენტში კანონპროექტებს შემოიტანენ, რომელიც მათ აწუხებთ და სტუდიაში მათთან ერთად ვისაუბრებთ. თუ ჩვენ ამას ყოველდღიურად გავაკეთებთ და ასე დაველაპარაკებით ადამიანებს, ყველა დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს შემოიტანს, რაღაცნაირად პასუხისმგებელი იქნება მის შინაარსზე“, – განახცადა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „გირჩს“ პარლამენტში დაპირისპირება არ სურს, უბრალოდ უნდა საკუთარი მიზნები განახორციელოს, რისთვისაც ყველა შესაძლებლობას იყენებს. ის თვლის, რომ ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა ტელევიზია გახდება.

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ პარლამენტში სამი დეპუტატით არის წარმოდგენილი.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „გირჩმა“ ამომრჩეველთა ხმების 2.89% მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში ოთხი ადგილი მოიპოვა. დეკემბერში პარტიაში განხეთქილება მოხდა – იგი ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა და ახალი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააფუძნა. პარლამენტში კიდევ ერთი ადგილი მას ეკუთვნის.

პარტია „გირჩს“ უკვე აქვს საკუთარი ტელევიზია – Girchi TV და ონლაინ–პლატფორმა Girchi Portal, სადაც პოლიტიკოსები და აქტივისტები აქტუალურ თემებს განიხილავენ.