გიორგი რურუა თავისუფალია

გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ ტყუილად იყო დაპატიმრებული და გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის ევროპელ შუამავლებს, ოპოზიციას, ჟურნალისტებს, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელმა გიორგი რურუამ გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა. 

მან აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, რადგან ის მისი პოზიციის და არა ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს.

„პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა. კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს მეორე ნახევარიც და ნიკა მელიამ სასწრაფოდ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე, რატომ, არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
 ანრი ოხანაშვილი: თუ ოპოზიცია ამნისტიას მხარს არ დაუჭერს, ეს მათი არჩევანი იქნება

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ელოდა, რომ შეიწყალებდნენ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ის „აქტიურ მოქალაქედ“ დარჩება.

ამავე დროს რურუამ აღნიშნა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.

„მე ვარ აქტიური მოქალაქე, დავრჩები აქტიურ მოქალაქედ... ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს“, - განაცხადა რურუამ.

მან ასევე მის გათავისუფლებისთვის გაწეული ძალისხმევის გამო მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, სენატორებსა და ევროპარლამენტარებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ოპოზიციას, ჟურნალისტებს, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს.

რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია გიორგი რურუას და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პოლიტპატიმრებს უწოდებს. ოპოზიციის მხრიდან მათი გათავისუფლება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად არის დასახელებული.

ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ერთ-ერთი პუნქტი გახდა იმ შეთანხმებისა, რომელიც შარლ მიშელმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა.