თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ოფიციალური თბილისისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ მხარეებმა კონკრეტულ შედეგებს კვლავ ვერ მიაღწიეს.
რიგით 99-ე შეხვედრა ერგნეთში ტრადიციულად ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით გაიმართა, ბოლოჯერ მოლაპარაკებები ამ ფორმატში ექვსი თვის წინ შედგა.
მხარეებმა განიხილეს გამყოფ ხაზზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ძირითად თემებზე შეთანხმება ვერ შედგა.
შეხვედრის ძირითადი თემები
განხილვის მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეების დაკავებები გახდა.
„დიალოგი შედგა, იყო ძალიან საინტერესო, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება და რაც მთავარია, დიალოგის გაგრძელებაზე თანხმობაა. ბუნებრივია, შევხვდებით ოჯახის წევრებსაც და გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა აღნიშნა, რომ „ყველა დაკავება ხდება იმის გამო, რომ ირღვევა „რესპუბლიკის“ კანონები, ხოლო დამრღვევები თავის ქმედებებზე პასუხს აგებენ“.
მისი თქმით, შეხვედრაზე სიტუაცია საზღვრის გადაკვეთასთან არსებული პრობლემების კონტექსტში განიხილებოდა. მისი თქმით, ქართული მხარის მიერ აქტიურად წამოიწია საკითხი გადაკვეთის გამარტივების შესახებ გამშვებ ზონებში, რომლებიც დაიკეტა ქართველი პოლიციელების მიერ ამ დასახლებულ პუნქტში საგუშაგოს უკანონო გახსნაზე საპასუხოდ.
ამასთან, როგორც ანთაძემ განაცხადა, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში.
მხარეები შეთანხმდნენ ახალ შეხვედრაზე ივნისში, მაგრამ საიუბილეო - მეასე შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეხვედრები ერგნეთში - ცალ-ცალკე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებთან საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით 2009 წლიდან იმართება. საქართველომ ამ ტერიტორიებზე კონტროლი შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განათავსა. თბილისისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თანაც მშვიდობიანი გზით.