„ენგურჰესი“ რემონტის შემდეგ ამუშავდა

რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე აისახება
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. „ენგურჰესის“ ჰიდროაგრეგატები ამუშავდა - საქართველოში ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოები წარმატებით დასრულდა, ნათქვამია კომპანია Engurhesi-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ენგურჰესი ერთიან ქსელში სამშაბათს, 17:40 საათზე ჩართეს.

„ენგურჰესის“ ადმინისტრაცია: მდინარეში წყლის მაღალი დონე უხვი ნალექის შედეგია

სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდებოდა. გვირაბის აღდგენილი მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების განცხადებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები მთლიანად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

სადერივაციო (ჰიდროტექნიკურ) გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით ჰიდროელექტროსადგურის ხუთივე აგრეგატი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამორთეს. როგორც სპეციალისტები აცხადებდნენ, რემონტის გადავადება სახიფათო იყო, რადგან ჰიდროსადგურს წყლის გაჟონვის გამო მუშაობა დაუგეგმავად შეიძლება შეეწყვიტა.

სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ „ენგურჰესის“ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე აისახება – შედეგად წყლის დანაკარგები 30-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს (დაახლოებით  30-35%-ით).

„ენგურჰესი“ რემონტის შემდეგ ამუშავდა

რემონტის პროექტის მთლიანი ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 7 მილიონი ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტია, 38 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო.

„ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. იგი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით „ენგურჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. ჰიდროელექტროსადგურს გააჩნია განსაკუთრებული სტატუსი, ის აფხაზეთს ელექტროენერგიის ნაწილს დღემდე აწვდის.