თინა ხიდაშელი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ამის შესახებ Facebook-ზე თავად ხიდაშელმა დაწერა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, ისევ კლინიკაში მოხვდა. ამის შესახებ მის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.

ხიდაშელი და მისი მეუღლე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, ასევე მათი ორი ვაჟი კორონავირუსით თებერვალში დაინფიცირდნენ. ყველა გამოჯანმრთელდა.

„მდგომარეობა სახარბიელო არაა...“ - უსუფაშვილი-ხიდაშელის ოჯახს კორონავირუსი აქვს

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა და ის კვლავ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი თქმით, ის თავს სუსტად გრძნობს და უამრავი სამედიცინო პროცედურა უტარდება.

„ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატებს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს, უგუნებობას... ვერ დავიბრუნე ხალისი. არასოდეს გადადოთ ზეიმი, მხიარულება, არასოდეს უთხრათ არა კარგ განწყობას! სულ მუდამ გამაღიზიანებელ კლიშედ მიმაჩნდა „იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც უკანასკნელი". არ ყოფილა კლიშე, ყველაზე დიდი ჭეშმარიტება ყოფილა“, – წერს თინა ხიდაშელი.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ რთულ დროს მის გვერდით დგას, ვისაც ახსოვს ის. მას სწამს, რომ სამი ან ექვსი თვის შემდეგ აუცილებლად დადგება ფეხზე და უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე უწინ იყო.

ხიდაშელს კორონავირუსი 15 თებერვალს დაუდასტურდა. ექიმები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არის თუ არა გადატანილი ინფექციის შედეგი.