თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც პირველად მონაწილეობენ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად შექმნილ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
რეგისტრაცია სულ 107-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომათა დარბაზში 13 ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფება, რომლებიც ბოლო დრომდე უარს აცხადებდნენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე.
„ჩვენ მოვედით, რომ ვიმუშაოთ და საქმე გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა.
პირველი საკითხი, რომელიც დეპუტატებმა უნდა განიხილონ, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევაა.
მმართველმა პარტიამ აღნიშნულ პოსტზე ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას კანდიდატურა დაასახელა.
„კახა კუჭავა კარგი განათლების მქონე პროგრესული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი კარგად წარუძღვება პროცესებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველოდება პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – არანაკლებ 76 ხმა. დღეისათვის მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
ამჟამად დეპუტატები განცხადებებს აკეთებენ.