ვისი ხილვა სურს „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად?

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერის კახა კალაძის ხილვა სურს, განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ამ განცხადებით უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თბილისის მერის თანამდებობაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას წამოაყენებს.

„ვფიქრობ, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები მოხდა კახა კალაძის მერობის პერიოდში თბილისში ურბანული, ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

ვინ დაიკავებს თბილისის მერის პოსტს – არჩილ თალაკვაძე თუ?..

კითხვაზე, გადაწყვეტილია თუ არა არჩევნებზე თბილისის მოქმედი მერის წამოყენება მმართველი გუნდის კანდიდატად, პაპუაშვილის განმარტებით, ეს თავად კალაძის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

თბილისის მერობის კანდიდატად პარლამენტის ექს-სპიკერის არჩილ თალაკვაძის შესაძლო წარდგენის შესახებ ხმები მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გავრცელდა. ამასთან, მასმედიაში ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კალაძე მმართველი პარტიის დატოვებას და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია თავად კახა კალაძის პოზიცია – იბრძოლებს თუ არა ხელმეორედ თბილისის მერობისთვის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

კალაძე დედაქალაქის მერად 2017 წელს აირჩიეს, მაშინ მან ამომრჩეველთა ხმების 51,09% მიიღო.

შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.

კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.