ქართველი ფეხბურთელი ბელგიის მეორე დივიზიონის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა

გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ შემადგენლობაში იჯარის წესით ასპარეზობს, მასზე უფლება ფრანგულ „მეცს“ ეკუთვნის
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც კლუბ „სერენის“ (R.F.C. Seraing) შემადგენლობაში იჯარის წესით თამაშობს, ბელგიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 19 გატანილი გოლია. ამდენივე აქვს გატანილი „სენ-ჟილუაზის“ (Saint-Gilloise) თავდამსხმელ დანტე ვანზეირს (Dante Vanzeir). მაგრამ საქმე ისაა, რომ მიქაუტაძემ პენალტით მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, ვანზეირმა კი - ოთხი.

ჩემპიონატში „სენ-ჟილუაზმა“ პირველი ადგილი აიღო და ავტომატურად მოიპოვა საგზური ბელგიის უმაღლეს დივიზიონში. „სერენი“ კი მეორე ადგილზე გავიდა და ითამაშებს გარდამავალ მატჩებში „ვასლანდ-ბევერენთან“. შეხვედრები 1 და 8 მაისს გაიმართება.

მიქაუტაძე „სერენში“ იჯარის წესით თამაშობს, რადგან ფეხბურთელი ფრანგული „მეცის“ (FC Metz) განკარგულებაშია. დიდი ალბათობით მომდევნო სეზონს ქართველი უკვე პირველ დივიზიონში „მეცის“ შემადგენლობაში ითამაშებს.

მიქაუტაძე საფრანგეთში დაიბადა და ამ ქვეყნის მოქალაქეა. მარტის შუა რიცხვებში თავდამსხმელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და გამოძახება საქართველოს ნაკრებში. 20 წლის მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო-2022-ის შესარჩევ მატჩში შვედეთის წინააღმდეგ შედგა (0:1). მაგრამ ამ მატჩში მან მცირედი ტრავმა მიიღო და გამოტოვა ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთთან შეხვედრა (1:1).