იმნაძე: საქართველო „ინდური შტამის“ გავრცელებისგან დაზღვეული არაა

სპეციალისტების განმარტებით, „ინდური შტამია“ დღეს მთავარი გამოწვევა ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების პირდაპირი რისკი ამჟამად არ არის, მაგრამ თუ ეს შტამი მთელ მსოფლიოში გავრცელდება, საქართველო მისგან იზოლირებული, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ინდური შტამი“ – კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმაა, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს მთავარ საფრთხედ არის დასახელებული. 

საქართველო ინდოეთს კორონავირუსთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს

ე.წ. ინდური შტამი სწრაფად ვრცელდება. ბოლო ოთხ დღეში ინდოეთში „ინდური შტამით“ ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა, რომ კორონავირუსის „ინდური შტამი“ – ეს ჩვეულებრივი მუტირებული შტამია, და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ შექმნიან აჟიოტაჟს მის გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც მანამდე ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განმარტა, „ინდური შტამი“ არის აქამდე ცნობილი სამი შტამის – „ბრიტანულის“, „სამხრეთ აფრიკულისა“ და „ბრაზილიურის“ სახეცვლილი ვარიანტი.

საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ე.წ. ინდური, ბრაზილიური ან სამხრეთ აფრიკული შტამები. ქვეყანაში 80%-ით ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

ქვეყანაში აღნიშნული შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები გაამკაცრა. მათ საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი და გაიარონ 14–დღიანი კარანტინი. კარანტინისგან არ თავისუფლდებიან ის პირებიც, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ.

გარდა ამისა, ინდოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეძლებენ. ისინი ასევე დაექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს.

ინდოეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 353 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2.812 ადამიანი. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.