„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“: ქართულმა ფილმმა პრემია „ნიკა“ მოიპოვა

ნაციონალური კინემატოგრაფიული პრემია „ნიკას“ დაჯილდოების ცერემონია კვირას საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ში გაიმართა
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ქართველი კინორეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმმა „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ დსთ-ის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმის ნომინაციაში რუსული კინოპრემია „ნიკა“ დაიმსახურა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის Facebook-გვერდზე.

დრამის მთავარი გმირია 37 წლის ექიმი სახელად ირინა. ქალი ციხიდან გამოდის და ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას გეგმავს. ირინა ცდილობს კვლავ მოიპოვოს ახლობლების ნდობა, მაგრამ ეს იოლი არ არის.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის პრიზი დაიმსახურა. მთავარი როლის შემსრულებელმა სალომე დემურიამ კი ალმათის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე ქალის საუკეთესო როლისთვის ჯილდო მიიღო.

პრემია „ნიკას“ დაჯილდოების ცერემონია კვირას Vegas City Hall-ის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ცერემონიაზე ერთბაშად ორი - 2019-2020 წლების ჯილდოები გაიცა, რადგან შარშან ღონისძიება პანდემიის გამო გაუქმდა.

2019 წლის ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში ჯილდო დაიმსახურეს სამალ ესლიამოვამ (ფილმი „აიკა“) და ვიქტორია მიროშნიჩენკომ (ფილმი „დილდა“). 2020 წელს ამავე ნომინაციაში გაიმარჯვეს იულია ვისოცკაიამ (ფილმი „ძვირფასო ამხანაგებო!“) და ჩულპან ხამატოვამ (ფილმი „ექიმი ლიზა“).

მამაკაცის საუკეთესო როლისთვის 2019 წლის გამარჯვებული გახდა ლეონიდ იარმოლნიკი (ფილმი „ოდესა“). 2020 წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდა ალექსანდრე პალი (ფილმი „უფრო ღრმად!“).

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ნაციონალური კინოპრემია „ნიკა“ 1988 წლიდან გადაეცემა. პრემიის დამფუძნებელია რეჟისორი იული გუსმანი. გამარჯვებულებს ავლენენ კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა აკადემიის წევრები ფარული კენჭისყრის შედეგად.