მეუფე სტეფანე: „ჟურნალისტებმა წერილობით მომმართონ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელია“

დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი  – Sputnik. სალხინოში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, მეუფე სტეფანემ შენდობა ითხოვა და განაცხადა, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს, იუწყება „პირველი არხი“.

დღეს დილით ხმაური და დაპირისპირება იყო ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ტაძრის ეზოში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ტაძარში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებული მხარე კეკუტიას მოსახლეობის მიწების მითვისებაში ადანაშაულებს. მასვე უკავშირებენ ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ უთანხმოებასაც. მეუფე სტეფანემ, რომლის გამოჩენამ ასევე გამოიწვია ხმაური, ტაძარში შესვლა მხოლოდ პოლიციის ჩარევის შემდეგ მოახერხა.

ეპისკოპოსმა მხარეებს სიმშვიდისკენ და გონს მოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჟურნალისტების მიერ ხშირად ხდება ფაქტების დამახინჯება და უტრირება.

„ჟურნალისტებმა წერილობით მომმართონ კითხვებით და მეც წერილობით ვუპასუხებ. დაწერონ რაც უნდა, იგნორს არ გავუკეთებ, დავწერ წერილობით და ვუპასუხებ. ყველაფერზე გავცემ პასუხს, ოღონდ წერილობით. კამათის კულტურა არ არსებობს. შენდობისთვის და ცოდვებზე სასაუბროდ თუ მოვა ვინმე, გამოვუყოფ დროს. სხვა მხრივ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდა“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მორიგი ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის: ბზობის დილა სალხინოს მონასტერში

ქადაგებისას მიტროპოლიტმა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად კათალიკოს-პატრიარქს დღევანდელი დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

„მინდა, უწმინდესს მივულოცო ბზობის დღესასწაული. ღმერთმა ძალა მისცეს. რაც ჩვენ მოგვითმენია, ზღვაში წვეთია მასთან შედარებით, რასაც ის ითმენს. მალე 45 წელი გახდება, რაც ის ტვირთულობს პატრიარქობის ჯვარს. ვთხოვ, დაგვლოცოს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხვაზე ორი პირი იმყოფება. მოხდება ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება. უწყების ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ეზოში ამ დრომდე შეკრებილები არიან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.