მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჭარხლის წვენი + სპორტი ტვინს აახალგაზრდავებს

ჟურნალ Gerontology-ში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თანახმად, თუ ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე ჭარხლის წვენს მიირთმევთ, ეს შესამჩნევად შეუწყობს ხელს ტვინის მუშაობის გააქტიურებასა და მის გაახალგაზრდავებას.
Sputnik

ჭარხლის წვენი, გარდა სასარგებლო ვიტამინებისა, ასევე შეიცავს იმგვარ ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ბიომოლეკულებს წარმოქმნიან. მათი მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ ისინი სისხლძარღვების გაგანიერება-შევიწროების მართვაზე აგებენ პასუხს.

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვიცით, რომ ფიზიკური ვარჯიში სასიკეთო გავლენას ახდენს ტვინზე. მაგრამ ჩვენმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ჭარხლის წვენის თანხლებით ისე ძლიერად ცვლის უკვე ასაკოვანი ადამიანების ტვინს, რომ ახალგაზრდის ტვინს ამსგავსებს“, — განაცხადა აშშ-ის უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეკ რეჯესკიმ.

მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ჭარხლის წვენი ამ თვისების გამო ჰიპერტონიკების მდგომარეობაზე სასიკეთო გავლენას ახდენს. მათ 55 და მეტი წლის 26 ქალსა და მამაკაცს მოუყარეს თავი, რომლებიც არ მისდევდნენ სპორტს და აწუხებდათ მაღალი წნევა. ჯგუფის ნახევარი კვირაში სამჯერ ნამდვილ ჭარხლის წვენს სვამდა, რის შემდეგაც ერთი საათი დარბოდა, დანარჩენები კი შეფერადებულ წყალს მიირთმევდნენ, რომელსაც ჭარხლის გემო ჰქონდა, რის შემდეგაც პირველი ჯგუფის ანალოგიურად დარბოდნენ.

მეცნიერთა მართლაც სენსაციური აღმოჩენა: დნმ-ს ადამიანის სიტყვები და ფიქრები ესმის

მეცნიერები კი ექსპერიმენტში მონაწილეების ტვინის მუშაობას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით აკვირდებოდნენ და აღნუსხავდნენ, როგორ იცვლებოდა მისი უჯრედების აქტიურობა და რა კავშირები ყალიბდებოდა მათ შორის.

როგორც ამ ცდებმა აჩვენა, ტვინის მუშაობა ორივე ჯგუფის შემთხვევაში გაუმჯობესდა, თუმცა იმ ჯგუფის მდგომარეობა, რომლებიც ნამდვილ წვენს სვამდნენ, განუზომლად უკეთესი იყო. სულ რაღაც 6-კვირიანი ვარჯიშის შემდეგ მათი ნერვული უჯრედების აქტიურობა ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ხელებისა და ფეხების მოძრაობაზე აგებს პასუხს, 30-35 წლის ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელ ნიშნულამდე მივიდა.

საინტერესოა, რომ მსგავსი რამ არ შეინიშნებოდა იმ ჯგუფის წევრებში, რომლებიც შეფერადებულ წყალს სვამდნენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ სპორტით დაკავებული ადმიანის ტვინი ვერ იძენს უჯრედებს შორის ახალი კავშირების ჩამოყალიბების უნარს. ანუ მათი ტვინი არ ახალგაზრდავდება.