მეშახტეების გაფიცვა ჭიათურაში: კომპანია მუშებს ახალ კონტრაქტებს გაუფორმებს

დასაქმებულთა ხელფასი 250 ლარით გაიზრდება, ამავეს თანხას შეადგენს ყოველწლიური პრემია სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი  – Sputnik. ჭიათურაში გაფიცული მაღაროელებიდან „ჯი ემ ტექნიკა“ სერვისის თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან, ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

23 აპრილს ჭიათურაში 13 მაღაროს 3,5 ათასზე მეტი თანამშრომელი გაიფიცა. ამ დროისათვის მანგანუმის მომპოვებელი ყველა მოქმედი მაღარო გაჩერებულია. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცული თანამშრომლები კომპანიისგან ხელფასების 50%-იან მატებას და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროფკავშირების ჩართულობით დანარჩენ გაფიცულებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

„ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს: მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას, ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით, ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში შეადგენს 3.250 ლარს. ასევე, მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჭიათურაში ათასობით მაღაროელი გაიფიცა

აღნიშნული პირობებით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან, დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა 1 მაისიდან.

„პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში კომპანია მოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის და დასაქმებულთა წინაშე. სურს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არ შეჩერდეს საწარმოო პროცესი. რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს შეთავაზება დღევანდელ პირობებში, კომპანიის მხრიდან იყო მაქსიმუმი“, – ნათქვამია  განცხადებაში.

ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ. მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005“, კლინიკა „ფერომედი“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.