მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა წარადგინა

არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად საკანონმდებლო ორგანოს კახა კუჭავას კანდიდატურას წარუდგენს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

დღეს არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მან განაცხადა, რომ საქმიანობას პარლამენტში უკვე ვიცე-სპიკერის პოზიციაზე განაგრძობს.

„კახას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, მას აქვს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

კახა კუჭავამ პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს  გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენამდე კახა კუჭავა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტ იკავებდა.

კახა კუჭავა

კახა კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. მას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ინგლისში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ხოლო 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ.

2021 წლის იანვრიდან კახა კუჭავა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას.

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2016-2020 წლებში კახაბერი გახლდათ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე.

2016 წლიდან კახაბერი არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში.

2011-2015 წლებში იგი გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

2007-2010 წწ. კახაბერი გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, ხოლო 2005-2007 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა“ კორპორაციული სამართლის სპეციალისტი.

2005 წელს, ასევე, 2001-2004 წწ. იგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი გახლდათ.

2001-2004 წწ. კახაბერი დასაქმებული იყო იურიდიულ კომპანიაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უფროსი იურისტის პოზიციაზე.